1
2

პროექტის შესახებ

შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებაა. პროექტი “შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების არქივი” მისი შემადგენელი კომპონენტია. ელექტრონულ მონაცემთა ბაზა  “შუა საუკუნეების საქართველოს ოსტატები” „არქივის“ პირველი ნაწილია. მასში თავს მოიყრის ცნობები შუა საუკუნეების საქართველოში მოღვაწე შემოქმედთა – მხატვართა, მოქანდაკეთა და ლითონმქანდაკებელთა – შესახებ. შუა საუკუნეების მხატვრული კულტურის შესწავლისა და სათანადოდ გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შემოქმედთა იდენტიფიცირებას, მათი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის შესახებ ცნობების მოძიება-გამოვლენას და ანალიზს.

შუა საუკუნეების  ხელოვნების ქმნილებები, როგორც წესი, ანონიმურია. ამიტომ უდიდესი  მნიშვნელობა აქვს ქართულ ვიზუალურ თუ წერილობით წყაროებში შემონახულ პირდაპირ თუ ირიბ ცნობებს მხატვრის ვინაობისა და ხელოვნების ნაწარმოების შექმნის თარიღის ან გარემოებების შესახებ როგორც ქართული ხელოვნების, ასევე, ზოგადად, შუა საუკუნეების კულტურის ისტორიისათვის. 

მონაცემთა ბაზა პერიოდულად შეივსება და განახლდება სამეცნიერო კვლევისა და სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ახალი მასალით. ეს მონაცემთა ბაზა, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო და სამეცნიერო რესურსი, გამიზნულია სტუდენტებისთვის, სპეციალისტებისა და ქართული ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრეებისათვის.